ხაშურში პოლიციამ ყაჩარობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულებმა „გალფის“ ოპერატორს ცივი იარაღის გამოყენებით თანხა მოსტაცეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართი სადგური „გალფის“ ოპერატორს, 1952 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცეს.
პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











