„ქართულმა ოცნებამ“ ეს ნაბიჯი სრულიად გააზრებულად გადადგა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი დასავლეთი უპრინციპო, კასტრირებულ პოლიტიკას გაატარებს და ისევ ცრემლიანი შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლება, ეს ნიშნავს, რომ მან ისე დატოვა საქართველო.
„დასავლეთი ქართულ ოცნებას ენის მოჩლექვით ელაპარაკებოდა და ახლა კასტრირებული შეშფოთება-აღშფოთების გარდა ოცნება დასავლეთისგან განსაკუთრებულს არაფერს ელოდება. მეორეს მხრივ, ის მზად არის დასავლეთის შემხვედრ ნაბიჯებს დახვდეს. როდესაც ხელისუფლება ამას აკეთებს, ის მზად არის, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზეც უარი თქვას. ამასთან ერთად, ქართულ ოცნებას პერსონალური სანქციების დაწესებისაც არ ეშინია. შეუძლებელია ასეთ ნაბიჯს დგამდე და არ ითვლიდე დასავლეთის შემხვედრ ნაბიჯებს.
თუკი დასავლეთი უპრინციპო, კასტრირებულ პოლიტიკას გაატარებს და ისევ ცრემლიანი შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლება, ეს ნიშნავს, რომ მან ისე დატოვა საქართველო, როგორც ავღანეთი და ერაყი დატოვა რუსეთის პირისპირ. მეორე ვარიანტია, რომ დასავლეთს საქართველო რომც არ ანაღვლებდეს, მან ეს სილის გაწვნა არ უნდა აპატიოს, რადგან ამას დომინოს პრინციპის სახე ექნება, რადგან თუ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არც რუსეთია და არც ჩინეთი, ამდენს უბედავს, დასავლეთს ამას სხვა ქვეყნებიც გაუბედავენ. თუმცა, თუკი დასავლეთი ქართულ ოცნებასთან ურთიერთობაში სანქციებზე გადავა, მე ვთვლი, რომ ამისთვისაც მზად არიან“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.










