ვერ შეგვაშინებენ, ვაგრძელებთ ბრძოლას სამშობლოსთვის, რომელიც გვტკივა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განუცხადა.
„ვერ შეგვაშინებენ, რამდენს დაგვაპატიმრებენ, რამდენს გამოგვკეტავენ ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში. ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლისთვის, რომელიც გვტკივა. არ შეიძლება გაზის გამოყენება, დახურულ სივრცეში ხალხი ცუდად არის. მე ნიკასთან ვიყავი ბოლომდე, ის დააკავეს გავრილოვებმა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა იძაბება.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევისთვის 10-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.











