“რადიკალური ოპოზიციის არათანმიმდევრულობა გამოიხატება იმაში, რომ ერთი მხრივ, ისინი შეუსრულებელ პირობებს და ულტიმატუმებს აყენებენ და ულტიმატუმებს, რომელიც არ გამომდინარეობს სიმართლიდან, არჩევნების ჩატარების წესიდან და საუბრობენ ასევე ეროვნულ შერიგებაზე, რაც ერთმანეთთან აბსოლუტურად აცდენილი ორი მესიჯია, – მამუკა ხაზარაძის მოწოდებას ეროვნული შერიგებაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.
„როცა ისინი იტყუებიან და პანდემიის ასეთი მძიმე დარტყმის პირობებში, სახელმწიფოს ემიჯნებიან თავიანთი ქმედებებით და კიდევ უფრო ცდილობენ, შეარყიონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველი და ამ დროს ეროვნული თანხმობისკენ მოგვიწოდებენ, ხვდებით, რომ ეს არის პოპულისტური, საზოგადოების გარკვეულ ფენაზე გათვლილი მესიჯი, თითქოს, მათ შესძენთ კონსტრუქციულობის იმიჯს. მამუკა ხაზარაძეს მოვუწოდებთ, ეს მესიჯები ერთმანეთში შეათანხმონ. თუ მათი ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკურ გვამებზე საუბრობს და შემდეგ ეროვნულ შეთანხმებაზე საუბრობენ, ეს ორი მესიჯი ერთმანეთს არ ემთხვევა. მოდით, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. თითოეული დეტალი ქვეყნის საბოლოო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. დღესვე მზად ვართ, შევხვდეთ და ვილაპარკოთ, ნებისმიერ თემაზე, რაც კი შეიძლება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდეს, რაზეც კი შეიძლება თეორიულად მაინც შეთანხმება მოხდეს. ეს ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ ისინი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ და ერთპროცენტიანი სიყალბეც კი ვერ დაამტკიცეს. ისინი ამბობენ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა, მხოლოდ ამ ტყუილის გამო არჩევნებს ვერ და არ დავნიშნავთ. დანარჩენ თემებზე საუბარი შეიძლება, ჩვენი კარი ღიაა. ჩვენმა ბოლო გადაწყვეტილებამ მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით ეს აჩვენა. საინფორმაციო პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს, „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე თქვა უარი, არის ტყუილი, ისევე, როგორც გაყალბებული არჩევნები“, – აღნიშნა მდინარაძემ
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალური ქსელში წერს, რომ დიდი ეროვნული შერიგება უნდა შედგეს.











