გულდასაწყვეტია, რომ ორი ადამიანი, რომელიც თავს საქართველოს მეგობრებად თვლის, ასეთ მიკერძოებულ სტატიას წერს. სტატია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იმიტომ, რომ მასში ცალკეული ფაქტები კონტექსტიდან ამოღებულია ან არასწორი ინტერპრეტაციითაა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი იან კელისა და დევიდ კრამერის წერილს.
მისი თქმით, აღნიშნულ სტატიაში წარმოდგენილი პოზიცია გაუგებარია.
„გულდასაწყვეტია, რომ ორი ადამიანი, რომელიც თავს საქართველოს მეგობრად თვლის, ასეთ მიკერძოებულ სტატიას წერენ. სტატია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იმიტომ, რომ მასში ცალკეული ფაქტები კონტექსტიდან ამოღებულია ან არასწორი ინტერპრეტაციითაა. ასეთია გავრილოვის შემთხვევა, ანაკლიის თემა – დაახლოებით 7-8 ფაქტია მოცემული, რომელიც არანაირ კავშირში არაა სიმართლესთან და შემდეგ ამ ფაქტებისგანაა გამოყვანილი, რომ ვითომ საქართველომ ზურგი აქცია დასავლეთს და მიდის რუსეთის ორბიტაზე. ეს არის სრულიად გაუგებარი პოზიცია და არანაირ პასუხს არ დაიმსახურებდა რომ არა ის, რომ საქართველოს მეგობრად წარმოჩენილი ორი ადამიანი წერს ამას. თან დაიბეჭდა ისეთ ავტორიტეტულ ჟურნალში, როგორიცაა „ფორინ პოლისი“.
მეორე მხრივ, არ მგონია, უცხოელმა ადამიანმა, მითუმეტეს, ამერიკის ადმინისტრაციის ან ევროპის მთავრობის წარმომადგენელმა, რომელიც ღრმად ერკვევა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, რაიმე მნიშვნელობა მიანიჭოს ამ სტატიას, რომელიც რჩება ორი ადამიანის მიკერძოებულ აზრად“,- განაცხადა ხელაშვილმა.









