საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. პრეზიდენტის განცხადებით, მან ხმა დეპოლარიზაციას მისცა.
„ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესისთვის. ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი, ვინც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტს. ეს არის არჩევნები, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლები უნდა იყოს პოლარიზაცია. იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე პოლარიზაცია დასრულდება. მე ხმა მივეცი დეპოლარიზაციას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.
დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.











