„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. .
როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მან ხმა საბოლოოდ გამარჯვების გაფორმებას მისცა. მისივე თქმით, უკვე ტრადიციად იქცა ის, რომ ზუგდიდში არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ იღებს.
„მე ხმა მივეცი გამარჯვების საბოლოოდ გაფორმებას. როგორც იცით, ზუგდიდში, პირველ ტურში, ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენს კონკურენტებთან და დარწმუნებული ვარ, დღესაც ზუგდიდელები იაქტიურებენ და ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი.
„ეს უკვე ზუგდიდისთვის ტრადიცია ხდება, როგორც წესი, „ნაცინალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მეორე ტურტში არ მონაწილეობენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამე ფორმით უნდა უგულებელვყოთ ის დემოკრატიული პროცესი, რაც არჩევნებთანაა დაკავშირებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები კიდევ ერთხელ იაქტიურებენ, გააკეთებენ საკუთარ არჩევანს და მომცემენ საკუთარ მანდატს.
აქტიურობა დარწმუნებული ვარ, იქნება. კონკრეტული ციფრის დასახელება გამჭირდება, თუმცა, დღის განმავლობაში არამხოლოდ წვიმაა, გამოიდარებს კიდეც, ასე რომ, დაველოდოთ მოვლენებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
21 ნოემბერს საქართველოში არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიციური პარტიები მეორე ტურში მონაწილეობას არ ღებულობენ.











