ხმაური იყო აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს დამატებითი კარავის გაშლის უფლება არ მისცა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. როგორც აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველის ხელმძღვანელი კოტე ანანიაშვილი აცხადებს, დღეს აქციის მონაწილებს ცენტრალურ სავალ ნაწილზე სურდათ კარვის გაშლა.
„გუშინ აღნიშნულ ლოკაციაზე გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც მოწყობილი იყო შესაბამისი სცენა. ღამის განმავლობაშიც ეს სცენა იყო აღნიშნულ ლოკაციაზე. დღეს უნდოდათ კიდევ ერთი კარავის გაშლა. ჩვენ შევეცადეთ და ავუხსენით, რომ სავალი ნაწილის ჩაკეტვა მიუღებელია. გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ პროვოცირება მოახდინონ. კიდევ ერთხელ განვუმარტავთ მათ, გამოხატბის უფლება კონსტიტუციურად რაც აქვთ მინიჭებული, არავინ არ უზღუდავს. შს სამინისტრომ ყველანაირად შეუწყო ხელი აქციის დაწყებიდან ხელი, რათა პროტესტი გამოეხატათ. შევთავაზეთ, რომ ქუჩას დაგიკეტავთ, როდესაც ხალხის რაოდენობა იქნება საკმარისი. ამ ეტაპზე ქუჩის გადაკეტვის აუცილებლობა არ არის. თუ იქნება რაოდენობა იმდენი, რომ ქუჩის დაკეტვის აუცილებლობა იქნება, ჩვენ თვითონ დავკეტავთ სავალ ნაწილს“, – აცხადებს კოტე ანანიაშვილი.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











