„ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? ყველას გვაინტერესებს, სად არის?“,- ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ვახტანგ გომელაურს პარლამენტში გამოსვლისას.
ალეკო ელისაშვილმა პარლამეტნში შს მინისტრს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის ერთ-ერთი კითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ სტაბილურობას შეეხებოდა.
„ჩვენ ვიცით, რომ დახურული სტრუქტურაა, თანამშრომლები არც გაფიცვებს აწყობენ და არც თავიანთ გასაჭირზე საუბრობენ ხოლმე. ასეთი წესია, როცა ყოველი ახალი მინისტრი მიდის, წინა მინისტრის მიყვანილ კადრებს ათავისუფლებს ხოლმე. გასაგებია, ყველას უნდა, რომ წამყვან პოზიციებზე მისი ერთგული კადრები იყოს. ახლაც ეს პროცესი მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ, რაც ბატონი გახარია წავიდა პრემიერ-მინისტრობიდან. ე.წ ძალოვანი სტრუქტურებიდან დაიწყო მისი ერთგული ხალხის გაშვება. ხანდახან ამ პროცესს მიაყოლებენ ხოლმე არა უბრალოდ ყოფილი მინისტრის ერთგულ ხალხს, არამედ ძალიან კვალიფიციურ პროფესიონალებსაც. ირღვევა თუ არა ამით თვითონ სტრუქტურის სტაბილურობა? მე ვიცი ადამიანები, რომელთა მომზადებაშიც უცხოელებმა დიდი თანხა დახარჯეს და რადგან ვიღაცის კაცად ითვლება, ხელს წამოარტყამენ, გაუშვებენ და ღვთის ანაბარა ტოვებენ ხოლმე. რამდენად სწორია უწყების სტაბილურობისთვის ეს მიდგომა და ახლაც ხომ არ ხდება მსგავსი რამ? – განაცხადა ელისშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს უსმენენ.











