ხვალ ბათუმში მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება.
ტრანსპორტში რეგულაციების დაცვას შესაბამისი სამსახურები გაუწევენ მონიტორინგს.
„ამ ეტაპზე დეზინფექცია უტარდება ავტობუსებს. მძღოლები აღჭურვილი იქნებიან პირბადეებით, დისტანცია იქნება დაცული, ყოველ დილით მძღოლებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. მგზავრებიც უნდა იყვნენ აღჭურვილი პირბადეებით. ავტობუსებში დამონტაჟებულია დისპენსერები და მოვუწოდებთ ყველას, გამოიყენონ. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ყველა ავტობუსს ყოველდღე ჩაუტარდება დეზინფექცია”- აცხადებს „ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორი ბადრი ფარტენაძე.
მძღოლებს მიეცათ მითითება, თუკი მგზავრი პირბადის გარეშე იქნება, უფლება აქვთ არ დაძრან სატრანსპორტო საშუალება. მუნიციპალური ინსპექციის დირექტირი არჩილ კონცელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, არ დაარღვიონ რეგულაციები.
„მუნიციპალური ინსპექციის მიერ უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მიკროავტობუსები. დარღვევის შემთხვევაში გამოიცემა საჯარიმო სანქციები. გაკონტროლება მოხდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. მინდა მოვუწოდო მძღოლებსაც და მგზავრებსაც, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები”- ამბობს არჩილ კონცელიძე.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აჭარაში 26 სექტემბრიდან აღარ ფუნქციონირებს. 26 სექტემბერს აჭარაში 166 ახალი კოვიდინფიცირებული იყო.
დღეს კი აჭარაში 343 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











