ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს და მის ოჯახს კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინა მიაწოდა, – ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
სანდო წყაროს თქმით, კიმსა და ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე მაღალჩინოსანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაუკეთეს, თუმცა, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ უცნობია, კონკრეტულად რომელი პრეპარატი მიაწოდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს.
ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს არ ადასტურებს, მაგრამ სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ქვეყანას საზღვრის ჩაკეტვამდე, ჩინეთთან სავაჭრო და ხალხთაშორისი ურთიერთობები ჰქონდა, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებს.











