„კლანს” აუცილებლად დავუსრულებთ სიცოცხლეს და მოვუსწრაფებთ იმ უბედურებას, რასაც ისინი აკეთებენ. ისინი იმსახურებენ მათრახებს”,- ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას.
„სრულად ვეთანხმები ქალბატონი კელი დეგნანის იმ განცხადებას, რომელიც ეხება სასამართლოს. “სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით ვაცხადებ, რომ “კლანს” აუცილებლად დავუსრულებთ სიცოცხლეს და მოვუსწრაფებთ იმ უბედურებას, რასაც ისინი აკეთებენ! ისინი იმსახურებენ მათრახებსაც და ყველაფერს!
ნაბიჯ-ნაბიჯ ამას მივაღწევთ. შარლ მიშელის დოკუმენტი არის დოკუმენტი, რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი ჩვენც და “ქართულ ოცნებასაც”, ევროპული და ამერიკული ბეჭედი აქვს დასმული. ამ ბეჭედს და ამ შეთანხმებას თუ ისინი შეეწინააღმდეგებიან, იქნებიან სანაგვეზე!
აუცილებლად ასე იქნება! ახლა კატასტროფა ხდება, ეს არის აღვირახსნილი ქმედება და ამ აღვირახსნილ ქმედებას ძალიან სწორი ტაქტიკით დავუპირისპირდებით. იქნება ფინანსური სანქციები ევროკავშირის და ამერიკის მხრიდანაც ამაზე უკვე ვმუშაობთ. სანამ არ გაკეთდება რაღაც, მანამდე არ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი დახმარებას”,- განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენა უარყოფითად შეაფასა.
„უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში“,- განაცხადა დეგნანმა.











