„კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შელახავს?“,- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს.
ნიკა მელიამ მხარდამჭერებს და დარბაზში მყოფ მეგობრებს მადლობა გადაუხადა.
„თქვენც მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ არსებობთ, ენერგიას მაძლევთ, ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ, ენთუზიაზმს მაძლევთ, მოტივაცია მეძლევა და მეძლევა, როცა ვიცი, რომ თქვენ არსებობთ და არსებობს ბატონი გულუაშვილის მსგავსი პროკურორები. ადვოკატების ეს შუამდგომლობა უსიტყვოდ უნდა დაკმაყოფილდეს, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, რომელმაც თქვა, რომ შს მინისტრის მოადგილე ავალებდა, აყალბებინებდა იმ საქმის ფარგლებში მასალებს, რომელზეც მე აქ მომათავსეს. როგორ შეიძლება თქვენ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა გინდოდეთ და ამ ადამიანის დაკითხვის სურვილი არ გაგიჩნდეთ?…თუ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებთ, ბევრი ადამიანისთვის გასაგები გახდება რას ემსახურებით თქვენ და მე – რას. სანამ თქვენ აქ იმსჯელებდით ჩემ დაკავებაზე, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა რომ მე სატუსაღოში უნდა წავსულიყავი. თქვენ თქვენ რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ, ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა იმსჯელოთ. კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შელახავს? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი”, – განაცხადა მელიამ.











