კომენდანტის საათს დღეს რამდენიმე ათეული ან რამდენიმე ასეული ადამიანი დაარღვევს, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, კომენდანტის საათის არსებობა ბიზნესს ანგრევს, ბიზნესის განადგურება კი ხალხის შიმშილისთვის გამეტებაა.
“დღეს არის ის დღე, როცა დაანონსებული გვქონდა დაუმორჩილებლობის დღე, მთავრობამ უკვე საკმარისად მიიჩნია ის წნეხი რაც ანონსს მოყვა და გარკვეული რეგულაციები მოხსნა. უაზრო რეგულაციების მოსახსნელად ვართ ახლაც. ბევრი ადამიანი ვიქნებით თუ ცოტა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ კომენდანტის საათს დღეს რამდენიმე ათეული ან რამდენიმე ასეული ადამიანი დაარღვევს. პირობას ვიძლევი, რომ არცერთი კანონი არ დაირღვევა გარდა უაზრო რეგულაციისა, რომელიც პირდაპირ ანგრევს და კლავს ბიზნესს. ბიზნესი არის ის, რაც ხვალინდელი დღე უნდა ააშენოს ჩვენი და ის, რაზეც არის მიბმული ჩვენი მოსახლეობა. ამ რეგულაციებით ხელისუფლება პირდაპირ ანგრევს ყველა იმ სფეროს, რომელიც ოდნავ მაინც ცოცხლობს ამ წუთამდე და შიმშილისთვის იმეტებს ადამიანებს. ბოლომდე მივაწვებით იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თვითონაც ვგრძნობთ საფრთხეს, ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, გვგონია, რომ არის უკანონო, ამიტომ დღეს დავარღვევთ კომენდანტის საათს”, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
მონაწილეები კომენდანტის საათს დაარღვევენ და აქციაზე 9 სთ-ის შემდეგაც დარჩებიან.











