“კომისია მოუწოდებს ყველა მაუწყებელს, არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი პროგრამები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ გზით დაიცავს საზოგადოებას ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი სამაუწყებლო პროგრამებით გამოწვეული ზიანისაგან”, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომუნიკაციების კომისია კონკრეტულ დარღვევებზეც საუბრობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ “მთავარი არხის” ეთერში არაერთხელ დაფიქსირდა უხამსი გამონათქვამები, ხოლო “ტვ პირველისა” და “იმედის” ეთერებში კი სიძულვილის ენა.
“ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წინასაარჩევნო მონიტორინგმა გამოავლინა ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსებაა, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს. მონიტორინგმა აჩვენა, რომ „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემის წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ისმოდა უხამსი გამონათქვამები, ამავე არხზე 27 სექტემბრის გადაცემაში დაფიქსირდა გინების შემთხვევაც. უხამსობის შემცველი გადაცემები ამავე არხზე ოქტომბერშიც გაგრძელდა. სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები საანგარიშო პერიოდში შეიმჩნეოდა ასევე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში. ოქტომბრის თვეში სიძულვილის ენა ისმოდა ტელეკომპანია „იმედიდანაც“, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ არხზე სიძულვილის ენას რესპონდენტები იყენებდნენ, თუმცა, წამყვანებს ეთერში ამაზე რეაგირება არ მოუხდენიათ”, – ნათქვამია განცხადებაში.











