გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამი და თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის საჯარო სკოლებში, კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში კორონავირუსის სამი, ხოლო გურჯაანის სკოლებში ექვსი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების შესაბამისი კლასები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ეპიდემიოლოგები წერტილოვანი შეზღუდვების რეკომენდაციას იძლევიან.
„სკოლებს არ ვკეტავთ, წერტილოვან შეზღუდვებს ვაკეთებთ, როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან. გამონაკლისია, სოფელ ბაკურციხის სკოლა, სადაც ამის აუცილებლობა იყო“,- განაცხადა მინდიაშვილმა.
1-ლი თებერვლიდან საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ, საჯარო სკოლებში, კორონავირუსის 20- ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა.
ეპიდემიოლოგების შეფასებით, შემსუბუქებული შეზღუდვების ფონზე, კახეთის რეგიონში, ეპიდემიოლოგიური ვითარება, ჯერჯერობით მართვადია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











