კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი შტამის გამო ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა ბრიტანეთიდან ფრენები შეწყვიტეს. გაერთიანებული სამეფოდან ავია და საზღვაო რეისებზე შეზღუდვები დააწესა ირლანდიამაც. ამასთან, ქვეყანასთან საჰაერო და სარკინიგზო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება ბელგიამაც მიიღო.
„ცოტა ხნის წინ ლონდონში აღმოჩენილი კორონავირუსის ვარიანტი შემაშფოთებელია და ის მეცნიერების მხრიდან გამოკვლევას საჭიროებს. მანამდე კი მაქსიმალჯური წინდახედულობის გამოჩენას ვამჯობინებთ“,- განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ.
საფრანგეთმა გაერთიანებული სამეფოდან ყველა მოქალაქის შესვლა, სატვირთო გადაზიდვები, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მოძრაობა აკრძალა.
„ვირუსის ეს ტიპი ჯერ გერმანიაში არ არის გამოვლენილი, მაგრამ ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციას, რასაკვირველია, ძალიან სერიოზულად განვიხილავთ,” – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.
გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს ავსტრია, შვედეთი, რუმინეთი, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი და ჩეხეთი.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც შედარებით სწრაფად გავრცელებადია.











