პედაგოგებისა და მოსწავლეების კორონავირუსით ინფიცირების გამო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლა დაიკეტება.
ოფიციალურ გადაწყვეტილებას, საგანმანათლებლო რესურს ცენტრში დღეს მიიღებენ.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლია ბეჟაშვილის ინფორმაციით, ვირუსის გამო მუნიციპალიტეტში, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უკვე ხუთი სკოლაა გადაყვანილი.
„დღევანდელი მდგომარეობით, ონლაინ რეჟიმზე, ხუთი სკოლაა გადასული. დღეს ოფიციალური გადაწყვეტილება მოგვივა და კიდევ ხუთს დავკეტავთ. ბუნებრივია, ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება და უსაფრთხოებისთვის ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
კოვიდ-19-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო, დღეს დაიკეტა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლაც. მომავალი კვირიდან, სამი საჯარო სკოლის ონლაინ რეჟიმზე ერთდროულად გადაყვანას გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც ელოდებიან.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











