ქობულეთში მდებარე „აჭარატექსტილის“ თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც საწარმოს დირექტორი გია ლომინაძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, ამ ეტაპზე მხოლოდ ხუთ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდ 19.
„ჩვენს ხუთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ინფიცირების წყარო ჩემთვის უცნობია. ფაბრიკაში ჩატარდა დეზინფექცია და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება.
ნაწილი პასუხებისა ცნობილია და მხოლოდ ხუთი დადასტურებული შემთხვევაა. ტესტირების პასუხებს კიდევ ველოდებით, დღეს გვიან ღამით უნდა იყოს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. საწარმო ხუთი დღე დაკეტილი იყო.
დღეს დავიწყეთ მუშაობა, ოღონდ ნაწილობრივ, მხოლოდ ის თანამშრომლები გამოვიდნენ სამსახურში, ვისი ტესტის პასუხიც უკვე ცნობილია და უარყოფითია.
ხვალ საბოლოოდ გავიგებთ ყველა ტესტის პასუხს და საწარმო სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას. ფაქტობრივად, ხვალ გაიხსნება „აჭარატექსტილი“. – აცხადებს გია ლომინაძე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











