“კრემლის წარმომადგენლებმა აჟიოტაჟი ატეხეს, რომ საქართველოში ტურისტებისთვის საშიში გარემოა, პრობლემების შექმნაზეა ორიენტირებული “ნაცმოძრაობის” მთელი ეს აქტივი,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტზე კრემლში გაკეთებულ განცხადებებს.
“განცხადება გააკეთეს კრემლის წარმომადგენლებმა, მთავრობამ და უშველებელი აჟიოტაჟი ატეხეს, რომ საქართველოში არა მხოლოდ რუსი ტურისტებისთვის, არამედ საერთოდ ტურისტებისთვის საშიში გარემოა, ექსტრემისულ ჯგუფებს აქვთ უპირატესობა და ისინი მართავენ პროცესებს საქართველოში. იმდენად შეხმატკბილებულია ეს ქმედება და შემდეგ ამ ქმედებაზე რეაგირება, რომ ეს გვაფიქრებინებს ეკონომიკური მდგომარეობის, დაძაბულობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და საერთოდ პრობლემების შექმნაზეა ორიენტირებული “ნაცმოძრაობის” მთელი ეს აქტივი. ეს ყველაფერი არის პროვოკაციის და საქართველოს დაზიანების მიზნით გადადგმული ნაბიჯები, ვითომდა პატრიოტული მოტივებით,”- განაცხადა ვოლსკიმ.










