ლაგოდეხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების გამო, სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმში იმუშავებს.
ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მანანა ჩიკვაიძის განმარტებით, ინფიცირებული პედაგოგი, რამდენიმე კლასს ასწავლიდა, რამაც სკოლაში ვირუსის გავრცელების საფრთხე შექმნა.
„ერთ- ერთ პედაგოგს გამოუვლინდა ვირუსი. ეს მასწავლებელი სხვადასხვა კლასებს ასწავლიდა. შესაძლებელი იყო, მოსწავლეებში კოვიდ- 19 გავრცელებულიყო. ამის გარდა, მას კოლეგებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ამიტომ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, სკოლა ისწავლის ონლაინ-რეჟიმში,“ – განაცხადა ჩიკვაიძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, საჯარო სკოლების პედაგოგებს, ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირება უტარდებათ.
დღევანდელი მდგომარეობით, დაკეტილია და ონლაინ-სწავლებაზეა გადაყვანილი, გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ კაჭრეთის სკოლაც.
კაჭრეთში კორონავირუსის აფეთქება, სოფელში მდებარე მრავალპროფილურ კოლეჯში დაფიქსირდა, სადაც კორონავირუსი ერთდროულად 12 თანამშრომელს დაუდასტურდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











