ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულების შენობას ყიდის.
ქალაქ ლაგოდეხის ყოფილი პირველი სკოლის შენობა, მერიამ საპრივატიზაციო ობიექტების სიაში შეიტანა და უახლოეს დღეებში აუქციონზე გაიტანს.
შენობაში ათეული წლების განმავლობაში სკოლა, ლიცეუმი და შემდეგ ინსტიტუტი ფუნქციონირებდა.
საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის შემდეგ, ოპოზიციონერმა წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„მერიამ რამის საუკუნოვანი შენობა ჩასვა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში. ჩვენ აქ კერძო ინტერესებს ვხედავთ, რადგან ამ ობიექტს, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ და ამზადებდნენ გასაყიდად“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ვახტანგ დევიძემ.
ლაგოდეხის მერიაში ოპოზიციონერი დეპუტატების პრეტენზიას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.
„ეს არის მტკნარი სიცრუე, არავის კერძო ინტერესს პრივატიზაცია არ ემსახურება. აუქციონი ღიაა, დაკვირვება და მონაწილეობა ყველას შეუძლია. შენობა უძველესია, ამიტომ ადგილობრივ ბიუჯეტს მისი რეაბილიტაციის შესაძლებლობა არ აქვს. ერთხელ შევძელით და სახურავი შევცვალეთ“,- განაცხადა მერის მოადგილემ, ნინო ბატიაშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, შენობაში ფოლკლორული ცეკვების სტუდია ფუნქციონირებს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











