კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
60 წელს გადაცილებული მამაკაცი, ლაგოდეხში კლინიკა „არქიმედეში“ მკურნალობდა.
პაციენტის გარდაცვალების ფაქტი „არქიმდეს“ სამედიცინო დირექტორმა, ნიკოლოზ ყარალაშვილმა, დაადასტურა.
„ადგილები არ არის კოვიდ კლინიკებში, შესაბამისად, მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა. ჩვენ ვართ ცხელების ცენტრი, კოვიდს არ ვმკურნალობთ. შექმნილი ვითარების გამო, კლინიკა კოვიდ ცენტრად გადაკეთდება. მამაკაცს ჰქონდა სხვა დაავადებებიც, მაგრამ ამაზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ყარალაშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკა არ ფუნქციონირებს.
რეგიონში ოთხი ცხელების ცენტრი მოქმედებს, სადაც სიმპტომების მქონე პაციენტების დროებითი მოთავსება ხდება.
კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, ავადმყოფი, კოვიდ კლინიკაში, ან კოვიდ სასტუმროში სამკურნალოდ გადაჰყავთ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











