ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ოჯახის 5 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ინფიცირების წყარო უცნობია.
თავდაპირველად ვირუსი ბავშვების მამას და ბაბუას დაუდასტურდათ და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
„ოჯახის ხუთი წევრია ინფიცირებული. ორი არასრულწლოვანი, მათი მშობლები და ბაბუა. ვირუსი ჯერ ბაბუას და მამას დაუდასტურდათ, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მალევე ბავშვები და დედაც ცხელების ცენტრში წაიყვანეს, მათაც ჰქონდათ სიმპტომები. ეს ოჯახი თვითიზოლაციაში არ იყო. ინფიცირების წყარო უცნობია.“- განაცხადა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, გურიაში დღეს კორონავირუსის 25 შემთხვევა დადასტურდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











