საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რყევები ლარის კურთან მიმართებით მოსალოდნელი არ არის.
„ლარის კურსის მკვეთრი გამყარება ბოლო პერიოდში გამოწვეულია იმ ახალი რეალობით ეკონომიკაში, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მათ შორის, დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით, დაჩქარებული ვაქცინაციით, ტურიზმის განახლებით. ასევე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა ქვეყანაში, ბიზნესის მიერ გაუმჯობესებული ნდობით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისადმი და ასევე, საერთაშორისო ინვესტორების საკმაოდ მაღალი ნდობით საქართველოს ხელისუფლებისადმი. ლარის გამყარება იყო უკვე ახალი რეალობის ასახვა მის კურსზე. ბუნებრივია, მცირეოდენი მერყეობები ვალუტის კურსს აქვს, იმიტომ, რომ ეს არის გაცვლითი კურსი, თუმცა ამ ნაწილში რყევებს ლარის კურსთან მიმართებით არ ველოდებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1613 ლარი გახდა.









