სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინაინი აცხადებს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ამ დრომდე 500-600 აზერბაიჯანელი სამხედრო რჩება.
„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩვენთვის კარგად ცნობილ მონაკვეთებზე ოპერატიული სიტუაცია არ შეცვლილა, ის კვლავ დაძაბული რჩება. სომხეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იმყოფებიან აზერბაიჯანელი სამხედროები, დაახლოებით 500-600 ადამიანი, სხვადასხვა მონაკვეთზე“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დიპლომატიური ძალისხმევა ხორციელდება.
12 მაისს სომხეთში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სინიუქის რაიონში სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს. ამის გამო, სომხეთის მოქმედმა პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა. ნიკოლ ფაშინიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა.
აზერბაიჯანში სომხეთის ბრალდებას უარყოფენ. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, ბაქოსა და ერევანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება და შესაბამისად, სომხეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი მიმართვა უსაფუძვლო იყო.
ლავროვის პოზიცია და უკმაყოფილო სომხეთი
6 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით სომხეთს ესტუმრა. მან მასპინძელი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს მთიანი ყარაბაღის შესახებ არსებული შეთანხმებების შესრულებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
ლავროვის ვიზიტის წინ უკმაყოფილო მოქალაქეთა ჯგუფი შეიკრიბა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ, რათა თავის პროტესტი გამოეხატა რუსეთის მისამართით, რომელსაც სომხეთში სულ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს პასუხისმგებლად მთიანი ყარაბაღის გარშემო შარშანდელი 44 დღიანი ომის გაჩაღებასა და სომხეთისათვის კატასტროფული შედეგით დასრულებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მზადაა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი მდგომარეობის განმუხტვაში შუამავლის როლი ითამაშოს.
„მხარეებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის ფედერაცია გამოვიდა წინადადებით, ხელი შეუწყოს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყებას, ასევე, მოახდინოს სომხეთ-აზერბაიჯანის კომისიის შექმნის ინიცირება, რომელშიც რუსეთს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს მრჩევლისა და შუამავლის სახით“, – განაცხადა ლავროვმა.
სომხეთში აცხადებენ, რომ თუ არა ლავროვის მიერ შემუშავებული მაშინდელი გეგმა, არ მოხდებოდა არც 2016 წლის ოთხდღიანი და არც 2020 წლის შემოდგომის 44 დღიანი ომი მთიან ყარაბაღში, რომელიც სომხეთის კონტროლის ქვეშ არსებული ვრცელი ტერიტორიის დაკარგვითა და დიდი მსხვერპლით დასრულდა.
ყარაბაღის გამოყოფ ხაზის გარდა ვითარება დაძაბულია აზერბაიჯანისა და ირანის მოსაზღვრე სომხეთის სიუნიკის ოლქში, სადაც, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ცოტა ხნის წინ რუსეთის 102-ე (გიუმრის) ბაზის პირადი შემადგენლობის ძალებით ორი საყრდენი პუნქტის აგება გახდა საჭირო.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის საზღვრის დაცვა ხორციელდება სომხეთ-რუსეთის ერთობლივი დაჯგუფების ძალისხმევითა და ძალებით.
„ეს არის არა მხოლოდ სიუნიკის ოლქის, არამედ სომხეთის უსაფრთხოების დამატებითი გარანტი“,- თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
კონფლიქტი, როგორც სავაჭრო თემა
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქმე ომამდე მივიდა, ყველაზე მეტად აზერბაიჯანი დაზარალდება.
„ეს სეროზული სავაჭრო თემაა. სომხები ფეხს ითრევენ იმ მონაკვეთის გახსნაზე, რომელიც თურქეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან დააკავშირებს. თან, სომხები მუდმივად აპელირებენ, რომ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოეწერა, არ წერია, მაინდამაინც ერთი გზა იყოს გახსნილი.
ახლა ეს ყველაფერი ვაჭრობის თემადაა გადაქცეული. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს ამ სიტუაციაში ამბიციური პოზიცია უჭირავს, რადგან მან სამამულო ომში გაიმარჯვა. ახლა აზერბაიჯანი ცდილობს, რომ ამ სიტუაციიდან, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს“,- განაცხადა არეშიძემ.
რა სცენარი შეიძლება განვითარდეს აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის შედეგად
ექსპერტი, მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით, კონფლიქტი ომამდე არ უნდა მივიდეს.
„ჩემი პროგნოზით, არსებული ვითარება კარგა ხანს შენარჩუნდება, ვიდრე რუსეთი არ იქნება უფრო აგრესიული და მკაფიო პოზიციის მქონე. რუსეთს არ უნდა ჯერ ბრჭყალები გამოაჩინოს და ითხოვს, რომ სადემარკაციო კომისია შეიქმნას. პრინციპში, რუსეთზეა დამოკიდებული ბევრი რამ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მთელი რიგი პრობლემები არსებობს და ჩანს, რომ რუსეთს უფრო მეტად გახსნილი აქვს ხელი. ამიტომ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რთულია პროგნოზირება.
ომს არ ვვარაუდობ, რადგან სცენარის ამგვარ განვითარებას რუსეთი არ დაუშვებს. ეს უკვე იქნება სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმა, რაც გამოიწვევს კოლექტიური ძალების პუნქტის ამოქმედებას.
თუ ომი დაიწყო, რუსეთი იძულებული გახდება, სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც აზერბაიჯანისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება“,- განაცხადა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, ამ პროცესში ერევანს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები სასურველ შედეგს შედეგს გამოიღებს და ესკალაცია განიმუხტება. სერგეი ლავროვი კი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩაერთვება.
ამასობაში კი სომხეთში პოლიტიკური პროცესი თავისი შიდა ლოგიკით ვითარდება.
3 მაისს სომხეთის პარლამენტმა უარყო მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა მთავრობის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე, როგორც პირველი ნაბიჯი იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მომავალ თვეში ვადამდელ არჩევნებს უნდა დაედოს საფუძვლად.
თუ ფაშინიანი პარლამენტარების მხარდაჭერას მეორე კენჭისყრაზეც, 10 მაისსაც ვერ მოიპოვებს – როგორც მოსალოდნელია – პარლამენტს დაითხოვენ და პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ვადამდელ არჩევნებს ივნისში დანიშნავს.











