„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ძირითადად ამომრჩეველთა მოსყიდვაზეა საუბარი.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები გამოვლინდა ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და მასთან აფილირებული ორგანიზაციის „მოძრაობა მომავლისთვის – მომოს“ საქმიანობაშიც, რომელმაც სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა, ხოლო გორსა და თელავში მოქალაქეებს სოციალური დახმარება გაუწია.
„ა(ა)იპ „მოძრაობა მომავლისთვის – მომო“ სოციალური კამპანიის ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აწყობს და ეხმარება სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს. ორგანიზაცია პარტია „ლელო“-სთან არის აფილირებული, კერძოდ, ორგანიზაცია საჯარო აქტივობებში იყენებს „ლელო საქართველოსთვის“ ვიზუალურ მანიშნებელს – ყვითელ ფერს; სოციალური აქციების დროს, კი, ისმის პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სახელი.
15 მაისს, „მოძრაობა მომავლისთვის – მომო“-ს ორგანიზებით, სოფელ ერგნეთში, ყველა ოჯახს (152 ოჯახი) სასურსათო დახმარება გაეწია. დახმარების გადაცემისთვის ერგნეთში, „მომოს“ დამფუძნებელ თეონა დოლენჯაშვილთან ერთად, ჩასულები იყვნენ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები: პოლიტიკური საბჭოს წევრი – კახა კოჟორიძე, გორის რეგიონული ოფისის თავმჯდომარე – პაპუნა კობერიძე და რეგიონული ოფისის წევრი – სოსო ვახტანგაშვილი. მათ ადგილზე გააკეთეს განცხადება და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს მამუკა ხაზარაძეს“,- ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ამომრჩეველთა მოსყიდვის 19 ფაქტი გამოვლინდა.











