პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ თბლისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი წარადგინა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანა ბიბილაშვილი არის პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, რომელსაც კონკრეტული ხედვა აქვს, არის მოწოდებული, რომ ქალაქის პრობლემები სხვანაირად იქნას გააზრებული.
„30 წლის განმავლობაში ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად, ჩვენს მეგობრებთან ერთად შევქმენით ათეულობით კომპანია, ათეულობით წარმატებული ადამიანი გავაერთიანეთ, რომლებიც დღეს საერთაშორისო დონის პროფესიონალები არიან, შევქმენით ათასობით სამუშაო ადგილი, ეს იმის ხარჯზე, რომ ყოველთვის ვეძებდით ადამიანებს, რომლებიც არიან ახალი სახეები და იციან თავიანთი საქმე, რამეთუ ყველაზე დიდი პატრიოტიზმი არის პროფესიონალიზმი. სწორედ დღეს, ანალოგიურს აკეთებს „ლელო“. „ლელო“ შეიქმნა, რათა მან გზა და ასპარეზი გაუხსნას ახალ სახეებს, პროფესიონალებს, რადგან ამ ქალაქს, ამ ქვეყანას სჭირდება მიზანი, გადატვირთვა, ახლებური გააზრება, თუ როგორი ქალაქი გვჭირდება ჩვენ. სწორედ ამ განწყობით გვინდა, შემოგთავაზოთ ადამიანი, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას სადოქტორო პროგრამებში ლისაბონში – ანა ბიბილაშვილი. ანა, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, არის ჩვენი თანამებრძოლი, „ლელოს“ დამფუძნებელი, არის მოწოდებული, რომ ქალაქის პრობლემები იქნას აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, მხარი დაუჭირეთ „ლელოს“, მხარი დაუჭირეთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, რადგან დღეს გვამოძრავებს საერთო მიზანი, ბრძოლა შიმშილის, სიღატაკის, უმუშევრობის, რაც ყველაზე მთავარია, ნიჰილიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.











