„ლელოს“ წევრებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და 6 მარტს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს კანონმდებლობისადმი დაუმორჩილებლობის გამოცხადებას.
„დღეს ჩვენ, „ლელოს წევრები“ და იურისტები მოვედით აქ, რათა საქართველოს პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ, როგორც იურისტები ვამბობთ, რომ გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი. პარტია არ არის უფლებამოსილი დაადგინოს დანაშაულის ფაქტები, ეს უნდა დაადგინოს პროკურატურამ“, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.











