„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციაში ასეთი რამ ჩაწერა, კი ჩვენ დავიწყეთ ომი, მაგრამ სამაგიეროდ ამის შედეგად მოხდა იმის აღიარება, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ცუდია და ა.შ. ანუ რამხელა საქმე გაგვიკეთებია, ომი დაგვიწყია იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის გვეცნობებინა რუსეთის ცუდი სახე. ეს ხომ ყველაზე ცუდი ტუტუცობაა, რაც შეიძლება მოვისმინოთ, – ამის შესახებ „იმედის ფაქტორის“ ეთერში ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
„ერთი რამ მიკვირს, რატომ ცდილობს ეს საზოგადოება, მთელი პასუხისმგებლობა გაიზიაროს სააკაშვილთან ერთად. იმის ნაცვლად აღიარონ, რომ ეს იყო დანაშაული, ცუდი რამ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ ვემიჯნებით ამას, ვინაიდან ეს არის მონანიების რაღაც მცდელობა. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვინმე აპატიებს თუ არ აპატიებს. ისეთი დანაშაულია ჩადენილი მე აბსოლუტურად ვსვამ ტოლობას პუტინსა და სააკაშვილს შორის. ესენი არიან პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. მათ არ უნახავთ დიდი და პატარა ლიახვის ხეობა, როგორი აყვავებული სოფლები იყო იქ და როგორ ცხოვრობდა ხალხი. დროულად არ მოხდა მათი ევაკუაცია, რამდენჯერმე მოატყუეს ომის მსვლელობის დროს, თითქოს ცხინვალში იყვენენ და ამით ვითომ არეულობა შეჰქონდათ რუსულ სცენარში. ვის ატყუებდნენ ამით რუსებს თუ საკუთარ მოსახლეობას,“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.











