შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე თბილისის ბაზრობებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ შემოწმების შედეგად რამდენიმე ბიზნესსუბიექტის დაჯარიმება მოუწიათ. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ ზედამხედველობას სხვადასხვა ადგილას. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, თბილისის მასშტაბით შემოწმდა თითქმის ყველა ბაზარი. ფაქტობრივად ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ ჯგუფებით.
მიუხედავად სამდღიანი მუშაობისა, გარკვეულ ბიზნესჯგუფებთან ფიქსირდებოდა დარღვევები, ამიტო ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ გამოგვეყენებინა სანქციები.
ლილოს ბაზრობაზე დაჯარიმდა 12 ბიზნესსუბიექტი, დეზერტირების ბაზრობაზე 1, ნავთლუხში – 2, დიდუბეში – 3 და ვარკეთილში 1“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.
ცნობისთვის, ბაზრობებზე კონტროლი მკაცრდება. რამდენიმე დღის წინ „ლილოს“ ბაზრობაზე PCR ტესტირების შედეგად კორონავირუსი დადასტურდა. ამასთან, როგორც ცნობილია ბოლო დროს დადასტურებული შემთხვევებიდან რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ბაზრობაზე მუშაობდა.











