ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც მოსამართლე ბიძინა სტურუამ გამოაცხადა განაჩენი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ.
განაჩენის მიხედვით სამ ბრალდებულს – არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ამავე საქმეში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის მიმართ კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა მცხეთის სასამართლოს ეზოში. ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელი მოქალაქეს ფიზიკურადაც დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ის პატრულმა სასამართლოს ეზოშივე დააკავა და ტერიტორიიდან გაიყვანა.
განაჩენის გამოცხადებამდე თავად ბრალდებულებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პროკურორს, რის გამოც ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანს დარბაზიც კი დაატოვებინეს.











