რუსთაველის გამზირზე გუშინ დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე თავისუფალია.
სასამართლო პროცესი, საქალაქო სასამართლოში 23 ივლისისათვის გადაიდო.
მაჩალიკაშვილს, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობასა და და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან.
მაჩალიკაშვილის მეუღლე, მედიკო მაჩალიკაშვილი, პრაიმტაიმთან ამბობს, რომ დაკავება, მოულოდნელად და უმიზეზოდ მოხდა.
„ის იყო რუსთაველზე, მეგობართან ერთად, სოლიდარობის აქციაზე. მეგობარს თან ჰყავდა არასრულწლოვანი შვილი და მის მოსაძებნად, ცოტა ხნით დატოვა მალხაზი. სწორედ ამ დროს დააკავეს. არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მთელმა საქართველომ უყურა. არც რამე ინციდენტში მიუღია მონაწილეობა, პირიქით, ამბობდა თურმე, ხალხი უნდა დამშვიდდეს და დაწყნარდესო. სასამართლოზე დამტკიცდება, რომ უდანაშაულოა”- განაცხადა მედეა მაჩალიკაშვილმა.
თავად მალხაზ მაჩალიკაშვილმა, განთავისუფლების შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა.
“მეგობრებო უღრმესი მადლობა ყველას. სანერვიულო არაფერია . გარეთ ვარ უხერხულად ვგრძნობ თავს იმისთვის, რომ ამ ჩემი დამატებითი პატარა პრობლემითაც რომ განერვიულეთ. ღმერთი გფარავდეთ”.
მაჩალიკაშვილის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი განმარტავს, რომ სასამართლო პროცესზე, ყველფერი გაირკვევა, მანამდე კი უფლებადამცველები, მასალებს გაეცნობიან.
შეგახსენებთ, მაჩალიკაშვილი, 6 ივლისს, რუსთაველზე მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე დააკავეს.
მანამდე კი, 5 ივლისს, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, საქართველოს პარლამენტის წინ გაშლილი, მისი კარავი აშალეს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











