მამის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ქუთაისის კლინიკაში წარედგინა.
მისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
ბრალდებული კობა წურწუმია, რომელსაც თვითდაზიანებების მიყენების შემდეგ ოპერაცია ჩაუტარდა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
გამოძიების ინფორმაციით, წურწუმიამ მამა ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი დღის წინ საკუთარ სახლში მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











