თუ ვინმე დაიჯერებს იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში უწყვეტი კადრი მიდის და მაინცდამაინც იმ დროს, როდესაც გაიტაცეს ყუთი „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, ამ დროს შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი, კი ბატონო, მე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ეს ჩემთვის დაუჯერებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ძალიან შემაძრწუნებელია, როდესაც ტელევიზიის წარმომადგენლები იღებენ კადრებს, შემდეგ ხვდებიან, რომ ეს არ აწყობს „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „სტრატეგია აღმაშენებელს“ და შემდეგ ამბობენ, რომ თითქოს, მაინცდამაინც ამ დროს იყო ტექნიკური ხარვეზი და გაითიშა კამერა“.
„ბოლნისზე უნდა მოგახსენოთ, ძალიან შემაძრწუნებელია, როდესაც ტელევიზიის წარმომადგენლები იღებენ კადრებს, შემდეგ ხვდებიან, რომ ეს არ აწყობს „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „სტრატეგია აღმაშენებელს“ და შემდეგ ამბობენ, რომ თითქოს, მაინცდამაინც ამ დროს იყო ტექნიკური ხარვეზი და გაითიშა კამერა.
მთელი დღის განმავლობაში ჩართული გაქვთ კამერები და აფიქსირებთ ყველაფერს და მაინცდამაინც იმ დროს, როდესაც ბოლნისის 55-ე უბანზე დაფიქსირდა საარჩევნო ყუთის გატაცების მცდელობის ფაქტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კონკრეტული ადამიანები და ეს ჩვენი წარმომადგენლების მიერ ტელეფონით არის გადაღებული, ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიაში მყოფი ადამიანი და მასთან ერთად ამაში მონაწილეობდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი.
როგორც ჩანს. ისინი უკვე ერთად მოქმედებენ ამ სასოწარკვეთილების ფონზე, ეს გადაიღო „ტვ პირველის“ კამერამ და შემდეგ ჟურნალისტი ამბობს, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი, მაინცდამიანც იმ დროს, როდესაც მან გადაიღო ან უნდა გადაეღო ყუთის გატაცების ფაქტი.
საზოგადოებას ვთავაზობ ორ ვერსიას, ერთი დავუჯეროთ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს და ძალიან მიმძიმს, რომ ჟურნალისტის კადრების გამოქვეყნება გვიწევს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, იმდენად სიცრუის კამპანია მიდის მთელი დღე. შეიძლება მართლაც ტექნიკური ხარვეზი იყო, ოღონდ თუ ვინმე დაიჯერებს იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში უწყვეტი კადრი მიდის და მაინცდამაინც იმ დროს, როდესაც გაიტაცეს ყუთი „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, ამ დროს შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი, კი ბატონო, მე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ეს ჩემთვის დაუჯერებელია“, – განაცხადა მდინარაძემ.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











