როდესაც ადამიანი არღვევს გირაოს პირობებს და გადის კონსტიტუციური კანონისმიერი ჩარჩოებიდან, ამ ჩარჩოებში დაბრუნების ერთადერთი გზა არის მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – ეს ხდება საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, – შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ასევე კანონისმიერი გადაწყვეტილებაა პროკურატურის დღევანდელი გადაწყვეტილება.
„ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც საერთო ის არის, რომ ორივე კანონიერი გადაწყვეტილებაა. ამით დღეს პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი არც არასდროს ყოფილა რომელიმე ბრალდებულის დაკავება, თუ ეს დაპატიმრება კანონისმიერი დათქმებიდან არ გამომდინარეობს. ასე იყო ნიკა მელიას შემთხვევაშიც. მას თავად ჰქონდა თავისი ბედის გადაწყვეტის ბერკეტი თუ გასაღები. მან ისურვა, რომ არ გადაეხადა გირაო, რაც ყველამ იცოდა, რომ შედეგად მოიტანდა მის პატიმრობა. ახლაც კანონის დათქმას მიჰყვება პროკურატურა და ამტკიცებს თავისი ქმედებით, რომ ნიკა მელიას პატიმრობა არ არის თვითმიზანი და არც არასდროს ყოფილა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ოფისში დააკავეს.
25 თებერვალს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი, რომლებიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.











