„კაჭრეთის კოლეჯში ფაქტობრივად, კორონავირუსის აფეთქება გვაქვს“- ამის შესახებ, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მანანა გოგაშვილმა განაცხადა.
გოგაშვილის განმარტებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯს, მთლიანად ონლაინ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია მისცეს.
„ეს ფაქტიურად აფეთქებაა, რადგან უკვე 14 შემთხვევაა და დღეს, კიდევ მოვიდა ოთხი ინფიცირებული. გარდა ამისა, 15- მდე კონტაქტია გამოკვეთილი. ამიტომ მთლიანად ონლაინ რეჟიმზე უნდა გადავიდნენ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ცალკეული ჯგუფების დაკეტვა არ გამოვა“, – განაცხადა გოგაშვილმა.
ეპიდემიოლოგები ჯერ კიდევ ადგენენ ინფიცირებული პირების ყველა კონტაქტს, რომლებსაც თვითიზოლაციაში გადაიყვანენ, ან psr ტესტირებას ჩაუტარებენ.
სულ გურჯაანში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი “აისი” მრავალპროფილური სასწავლებელია, სადაც საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები სწავლობენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











