ასეთი პრეცენდენტი არსად არსებობს – რუსეთშიც კი. ფაქტობრივად, მარეგულირებელი კომისია სახელმწიფო ინსტიტუტებს ანაცვლებს და მბრძანებელი ხდება, – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “პრაიმტაიმთან” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს.
ხუხაშვილის განცხადებით, ამ ინიციატივით ხელისუფლება ტელევიზიებს აშინებს და კრიტიკული მედიის გაჩუმებას ცდილობს.
გია ხუხაშვილი: მთავარი პრობლემა არის არა რეგულაციები, არამედ ის, რომ სასამართლო არ აჩერებს მარეგულირებელი კომისიის სანქციას.
ხშირ შემთხვევაში, ტელევიზიებთან დაკავშირებით, შესაძლოა, სუბიქტური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, ამიტომ ძალიან დიდი რისკის შემცველია ის, რომ მხარეს არ ჰქონდეს ჰქონდეს საშუალება ეს გადაწყვეტილება სასამართლოს წესით შეაჩეროს არსებით განხილვამდე მაინც.
ეს ყველაფერი ძალიან დიდი რისკის შემცველია. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება ნიშნავს მედიის თუნდაც ერთი დღით გაჩერება? ფატქობრივად, მედიას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს. რუსეთშიც კი არ არის ასეთი ნორმა. ჩრდილოეთ კორეაში საერთოდ არ სჭირდებათ კანონები.
ამ ინიციატივაში მედიის სრულ კონტროლზეა საუბარი. მარეგულირებელი კომისია თავის თავზე იღებს ფინანსური, ორგანიზაციული აუდიტის ფუნქციას. ფაქტობრივად, თავისი თავით ანაცვლებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს – აუდიტის სამსახურს,საგადასახადოს, სასამართლოს, პროკურატურას, ანუ მარეგულირებელი კომისია ქვეყანაში არის ყველაფერი, ფაქტობრივად, მბრძანებელი.
– ამ კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. თქვენი აზრით, ვის მიერ არის ნაკარნახევი აღნიშნული ინიციატივის წინასაარჩევნოდ შემოტანა?
-ვინც არის „ქართულ ოცნებაში“ „ძალიან ჭკვიანი და კომპეტენტური“ ხალხი. გასაგებია, რომ მთავრობაში ამ ინიციატივაზე არავის უფიქრია. შეიძლება ირაკლი კობახიძე მიეხმარა ცოტა და მისნაირი ხალხი.
– აქვს თუ არა „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს თავისი წვლილი შეტანილი ამ ინიციატივის შემუშავებაში?
-არამგონია. ბიძინა ივანიშვილი ასეთ დეტალებში არც არასდროს შედიოდა. ზოგადად, შესაძლოა, ივანიშვილმა ტელევიზიები ანერვიულოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ტიპის ქმედებები მისგან სანქცირებული არ არის.
-რეალურად, განხორციელებადია თუ არა ეს ცვლილებები?
-სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ საღი ლოგიკით კი არ მიიღება გადაწყვეტილებები, არამედ მიიღება მესიჯით, რომელსაც ვიღაცა აგზავნის სადღაც მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ დეპუტატები პრინციპების ირგვლივ კი არ არიან გაერთიანებული, არამედ – მესიჯბოქსის მიხედვით. მოვიდა ბრძანება, რომ დავხვრიტოთ, იტყვიან – დავხვრიტოთ. მოვიდა ბრძანება, რომ აღვაზეოთ – აღაზევებენ. არამგონია, რომ ამ ხელისუფლებას ჰქონდეს ამოცანა, რომ ტელევიზიები დახუროს, ამის თავი მათ არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა კომუნიკაციების კომისიამ.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე










