ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ!,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი წერს.
„საძაგლობაა როდესაც სახელმწიფო ტყუილუბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია, რომ „ქართული ოცნება“ გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!“, – წერს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან. მათ 20-20 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ. სასამართლომ თანამდებობის ივერი მელაშვილის გადაყენების შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.











