ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი საქართველო“ და სხვა პოლიტიკური პარტიები შედიან, გაფართოებას გეგმავს.
მე ვსაუბრობ „ძალა ერთობაშიას“ ერთიანობაზე. მნიშვნელოვანი იქნება თუ კიდევ გაფართოვდება და პოლიტიკური ჯგუფები შემოუერთდებიან
ცდილობს თუ არა მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ლეიბორისტული პარტიის მაგიდასთან გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, საკუთარ გაერთიანებაში გადაიბიროს, ამაზე ექსპერტებიც ალაპარაკდნენ↓↓↓
„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს რომ მის ორბიტაზე დატრიალდეს ყველაფერი, მკვდარშობილი პროექტია და არ აქვს განვითარების რესურსი.
ვინც მათთან მივა, ის პარტია დაკარგავს ამომრჩეველს – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ გია ხუხაშვილმა
პარტია „კანონი და სამართალი“, რომლის ლიდერიც თაკო ჩარკვიანია აცხადებს, რომ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ , 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პრორუსულ პარტიებს მხარს არ დაუჭერს↓↓↓
გამოვრიცხავ პრორუსულ პარტიებს და მის წარმომადგენლებს მხარი დავუჭიროთ არჩევნებზე.
მე არ მეგულება არცერთი სოფელი, არცერთი კუთხე, არცერთი დაბა, სადაც ამომრჩეველს შევთავაზებ და ვაჩუქებ პარლამენტში მანდატს პუტინს. „ძალა ერთობაშიას“ ფორმატში ამაზე ვთანხმდებით.
თუ გადაწყდება, რომ ჩვენ მივდივართ დასავლური ვექტორი ერთად და ერთმანეთს მივეშველებით, მაგალითად „ევროპულ საქართველოს“ მხარს დავუჭერთ, რაზეა საუბარი. მაგრამ მაგალითად ნინო ბურჯანაძეს, რუსული ვექტორისთვის ერთ მტკაველს არ გავინძრევი
– განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „პრაიმტაიმთან” ინტერვიუში.
თაკო ჩარკვიანის ეს განცხადება კიდევ უფრო ამყარებს პროგნოზს, რომ შესაძლოა „ლეიბორისტული პარტიის“ მაგიდასთან მყოფმა ოპოზიციონერებმა საერთო მაჟორიტარული კანდიდატებზე შეთანხმება ვეღარ მოახერხონ.
იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ მხოლოდ პროდასავლური პარტიების, (რაშიც თაკო ჩარკვიანი „ევროპულ საქართველოს“ მოიაზრებს) მხარდასაჭერად გამოთქვამს მზაობას, 8 მარტის შეთანხმების მონაწილეებს შორის უთანხმოება გარანტირებულია.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს იმის თაობაზე, რომ ოპოზიციამ მისი პარტიის მხარდაჭერა გადაიფიქრა↓↓↓
არ მაინტერესებს თაკოს კომენტარები, ეს სხვისგან არ მომისმენია, თუ ახალი დღისწერიგი აქვთ ამას მეტყვიან.
ჩემი ამოცანა არ არის ვინმეს მხარდაჭერა ან არ მხარდაჭერა, მე გაბრაზებული არ ვიღებ გადაწყვეტილებებს. თაკო ჩარკვიანს არ ვთვლი პოლიტიკოსად, მისი განცხადებები ჩემთან დაკავშირებით არის პოლიტიკისგან შორს.
რაც შეეხება, გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ გაფართოებას, ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ პროცესი კვლავ ორ პოლუსს გააჩენს, რაც ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს↓↓↓
თუ რომელიმე პარტია ეცდება არაპროპორციული მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინოს, შეთანხმება ვერ შედგება.
პრობლემაა პიროვნული საკითხი, ამოცანა უნდა იყოს რომ ისეთი კანდიდატურა დავაყენოთ, რომელიც არ იქნება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი. თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს რომ ვანო მერაბიშვილი დააყენოს, ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეა ოპოზიცია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე საუბრობს, ბოლო დროს გახშირდა აქცენტები, რომ თემაზე საუბარი ნაადრევია, ან არის ვერსიაც, როცა ამბობენ, რომ რეალურად ყველა ოლქში საერთო კანდიდატებზე შეჯერება შესაძლებლობას მოკლებულია.
მაგალითად, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით ბერძენიშვილი, უკვე ღიად საუბრობს, რომ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება შეუძლებელია.
ბერძენიშვილი გეგმა „ბ“-ს გააქტიურებას აანონსებს, რაც მეორე ტურში გასული ოპოზიციონერის მხარდაჭერას, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან გულისხმობს↓↓↓
„სხვებმაც თქვეს, რომ კანდიდატებს დააყენებენ ბევრგან. ზოგს შეთანხმება წინასწარ სწორად არ მიაჩნია, ზოგსაც კი შესაძლებლად.
ასეთ ვითარებაში ნამდვილად უალტერნატივო, „პლან ბ“ არის მეორე ტურებში გასული ოპოზიციონერის მხარდაჭერა სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ამის წინასწარ განცხადებაც“ – წერს ბერძენიშვილი.
პოლიტიკურ ველზე შექმნილ ბუნდოვანებას ფიასკოს უწინასწარმეტყველებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ოპოზიციას ურჩევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაჟორიტარულ ოლქებში თითო პარტიამ თითო ლიდერი წარადგინოს, ან მეორე ტურში მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ↓↓↓
თუ არსებული სისტემა შენარჩუნდება, ქაოსის და გაუგრებობების ფუნდამენტად იქცევა ოპოზიციაში, რაც არაერთხელ გვინახავს. კეთილისმსურველები ბევრი გვინახავს, მაგრამ განხორციელებული არცერთი, როგორც წესი ფიასკოთი მთავრდება ხოლმე.
თუ 30 მაჟორიტარი იქნება, არ არის საჭირო რომ გამოკვეთონ საერთო კანდიდატები. ეს იქნება მხოლოდ კონფლიქტის საფუძველი. ვურჩევდი მათ რომ გეგმა ბ-ზე გადავიდნენ პირდაპირ, რაც ბევრად უფრო რეალისტურია
– განაცხადა გია ხუხაშვილმა
ლეიბორისტული პარტიის ოფისში არაერთხელ შეკრებილმა ოპოზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატების დაყენება მრავალგზის დააანონსა. თუმცა, თავიდანვე ცნობილია ისიც, რომ პოლიტიკური პარტია „ლელო“ მაჟორიტარი კანდიდატების დაკომპლექტებას დამოუკიდებლად აპირებს.











