მომავალი კვირის დასაწყისშივე გახდება ცნობილი თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები,- ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, ოთარ კახიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პროცესი მიმდინარეობს წარმატებით და 6-დან 4 ადგილზე შეთანხმება მიღწეულია.
წამყვანის კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურაც თბილისში, ოთო კახიძე პასუხობს, რომ ამას “ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს”.
4 ივნისს ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს. ამავე დროს, პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – გლდანსა და სამგორში დაიწყებს.
მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გაამხილა კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელი ქართული ოცნების სიაში ახალი სახეების მოსახვედრად: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება.











