ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას მძიმეს უწოდებს.
როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.
„კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა დამძიმდა. კორონავირუსის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მოიმატებს. დღეს არსებული სიტუაცია მაინც არის მართვადი. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მომდევნო ეტაპზე გადასვლა მოგვიწია, ეს უცხო არავისთვის იქნება.
ჰოსპიტალური სექტორის 3 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, მათი გამოყენება დაგვჭირდეს. იმ შემთხვევაში, თუ რეგულაციების უფრო გამკაცრება მოგვიწია, მოსახლეობაც ამას მიჩვეულია და ყოველგვარი დაძაბვის, ერთმანეთთან დაპირისპირების გარეშე, მოხდება მეორე ეტაპზე გადასვლა.
იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება არ დამძიმდეს, საზოგადოება რეგულაციებს აუცილებლად უნდა იცავდეს“,- განაცხადა კახაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის ახალი რეკორდული მაჩვენებელი –165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2392 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი.










