თავად „ნაცმოძრაობის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევით, ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 40%-იანი, „ქართულ ოცნებას“ კი 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„საიდან გვაქვს „ნაცმოძრაობის“ კვლევის მონაცემები? „ნაცმოძრაობაში“ უამრავი ადამიანია, რომელიც წუხს ბევრი რაღაცის გამო და ინფორმაციას აწვდის ჩვენი პარტიის ბევრ წარმომადგენელს. საბედნიეროდ, „ქართული ოცნებიდან“ იქით მსგავსი რამ არ ხდება. რაც არ უნდა ილაპარაკონ ამის მერე ამ თემაზე, ეს იქნება ნიშნის მოგებით ნათქვამი სიტყვები იმიტომ, რომ მათაც იციან, რომ მათგან ძალიან ბევრი ინფორმაცია გადის საზოგადოებაში და პირველ რიგში, როდესაც ისინი რაღაცაზე ლაპარაკობენ, უნდა იცოდნენ, რომ სიმართლე არსად იმალება და ამიტომ გაუმხილონ თავის პარტიულ აქტივს ის მონაცემები, რაც მიიღეს მათივე დაკვეთით საკმაოდ ნორმალური და სერიოზული ორგანიზაციისგან“, – განაცხადა მდინარაძემ.











