პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, პროკურატურა საკუთარ ქმედებებში თანმიმდევრულია.
„პროკურატურამ, თავისი გადაწყვეტილებით, დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა ბრალდებულის პატიმრობა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც გამომდინარეობდა კანონიდან. აღკვეთის ღონისძიების მსუბუქი პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურატურას სხვა გზა ვერ ექნებოდა გარდა იმისა, რომ სასამართლოსგან მოეთხოვა უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. პროკურატურის მიზანი იყო კონკრეტული ბრალდებულის და მისი ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა – მისი პატიმრობა. საქართველოს პროკურატურამ თქვა, რომ თუ ბრალდებული გირაოს პირობებს შეასრულებს, ის მზად არის შეუცვალოს მძიმე აღკვეთის ღონისძიება მსუბუქით, ანუ პროკურატურა თავის მოქმედებებში თანმიმდევრულია. პროკურატურამ პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითხოვა, როდესაც მელია კანონის ჩარჩოებიდან გავიდა და უარი თქვა მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების პირობის შესრულებაზე. პროკურატურა დღესაც იმავეს ამბობს“, – განაცხადა მდინარაძემ.
პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.











