ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას აგრძელებს. სამინისტროს ინფორმაციით, “Hetero Biopharma Limited”-ის წარმოებული 2000 დოზა ტოცილიზუმაბი და “Roche”-ს მონოკლონური ანტისხეულები – 500 დოზა რონაპრივი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) უკვე საქართველოშია.
მედიკამენტების შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის „Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინასების ფარგლებში განხორციელდა.
2000 დოზა ტოცილიზუმაბი და 500 დოზა რონაპრივი სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.
“Hetero Biopharma Limited”-ი ერთ-ერთი წამყვანი ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც ტოცილიზუმაბის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო.
ტოცილიზუმაბი აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.











