მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექიმისა და ექთნის ადვოკატი შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ მედიკოსებმა ნერვიულობისა და სტრესის გამო იცრუეს. ადვოკატის განცხადებით, სინამდვილეში ექთანს ადრენალინი გაუკეთდა, თუმცა არა ვიოლეტა ინასარიძის მიერ, არამედ რეანიმატოლოგის თანაშემწის მიერ.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა თავად მიმართა გამოძიებას და თქვა, რომ პირველ ჩვენებაში არასწორი ინფორმაცია ჰქონდა გაჟღერებული.
„მე ვიცავ ქალბატონ ვიოლეტას და ქალბატონ თეას. სრულად ჯერ მასალებს არ გავცნობივარ, მოცულობითია. მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. ადრენალინი გაკეთდა. ეს მოხდა სხვა ექიმის მიერ და არა იმ ექიმის მიერ, რომელმაც თქვა, მე გავაკეთეო. ეს იყო სიცრუე, მეტი არაფერი. აქ რაც ხდებოდა იმის გამო, რომ დაძაბული სიტუაცია იყო, დამტვრეული იყო ყველაფერი, ხალხის ცემა, შეშინებულები იყვნენ. მერე თითონ მიმართა გამოძიებას და უთხრა, მე ასე ვერ ვიქნები, შინაგანად ვერ ვითმენო. წავიდა და უთხრა, ეს ასე იყო სინამდვილეშიო. შედეგზე ამას გავლენა არ მოუხდენია. თითონ უთხრა გამოძიებას, მე არასწორად მოვიქეცი ასე რომ ვთქვიო. ბექას და თეას მხოლოდ კოლეგიალური დამოკიდებულება ჰქონდა. იძულებას კლინიკის მხრიდან არ ჰქონია ადგილი, როგორ გეკადრებათ. ბექა იქ იყო და ბექამ გაუკეთა ადრენალინი. ქალბატონი ვიოლეტა ნახევარი საათი, პროტოკოლი როგორც ითვალისწინებდა, იქ იყო. ამის შემდეგ, რომ წავიდა, იქ უკვე ბექა იყო. გამოძიება მიმდინარეობს და დანარჩენს გაიგებთ. ვიოლეტას ტყუილი მხოლოდ ისაა, რომ თქვა, მე გავაკეთეო, სინამდვილეში მან კი არა, ბექამ გაუკეთა“,- განაცხადა ადვოკატმა შალვა გოგოლაძემ.
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
7 აპრილს საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.
2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და მოთავსდა რეანიმაციაში, სადაც ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.
იმავე დღეს ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.











