28 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ორშაბათს მზად იქნება შუალედური დასკვნა ექსპერტიზის ბიუროდან, ასევე რეგულირების სააგენტოდან. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნამ უნდა მოგცეს ინფორმაცია მეგის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით და რეგულირების სააგენტოს დასკვნამ უნდა დაადგინოს, იყოს თუ არა პროცედურული დარღვევები, იყო თუ არა ხარვეზი ჯანდაცვის სისტემაში. ორშაბათს პროკურატურა შეპირებულია, რომ სრულად გადმოგვცემს საქმის მასალებს, მათ შორის, მოლოდინი გვაქვს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თუნდაც შუალედური დასკვნა გვექნება ხელთ და შეგვეძლება, გავშალოთ სურათი, ვიცოდეთ მეტი დეტალი და მიხვდეთ, რა მოხდა რეალურად“, – აცხადებს ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 15-ში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. იმუნიზაცია ქვეყანაში ნელი ტემპებით მიმდინარეობს.











