მამუკა ხაზარაძის განცხადებას უმცირესობებთან დაკავშირებით, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში და ასევე, მის მიერ დაარსებულ მოძრაობა „ლელოში“.
„ტვ პირველთან“ საუბრისას, მან განაცხადა, რომ საქართველოში უმცირესობების უფლებები დაცულია და ამასთან, მხარს არ უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.
„პრაიმტაიმი“ რამდენიმე ოპოზიციონერს დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, იზიარებენ თუ არა მამუკა ხაზარაძის მოსაზრებას.
თაკო ჩარკვიანი: „მამუკა ხაზარაძეს, როცა ვუსმენდი, მეგონა მდიდარი სანდრო ბრეგაძე იჯდა ეთერში, რომელიც საკუთარი ფულით გამდიდრდდა, რადგან ყველას მოეხსენება, სანდრო ბრეგაძეს მთელი ცხოვრება უშიშროების ფული კვებავდა.
ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო უმცირესობების პრობლემები საქართველოში, ასეთ ადამიანებს უბედურ დღეში აყენებენ. პოლიტიკოსი შეიძლება გამოვიდეს და ასე ილაპარაკოს, როგორც ილაპარაკა?
ერთნაირსქესიანთა ქორწინებას რაც შეეხება, ვერ დააყენებს პარლამენტი ამ კანონპროექტს, როგორც ეს მოხდა ბევრ სხვა ქვეყანაში. ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია. აბსოლუტურად ლიბერალი ვარ ამ საკითხზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რთული იქნება ამის დაკანონება.
ვის ქორწინებაზე ლაპარაკობთ ხალხო? ხალხი ქუჩაში ვერ გამოდის, სამსახურს ვერ შოულობს.
მამუკა ხაზარაძე, როცა ამბობს ათიათასი ადამიანი მყავს დასაქმებულიო, ისიც თქვას რამდენი ყავს გაკოტრებული?!“
ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია გუბაზ სანიკიძეც.
„მამუკა ხაზარაძის განცხადება არ მომისმენია, ახლა ვაპირებდი ჩამერთო. რაც შეეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ყველამ იცის, რომ მხარს არ ვუჭერ.
სამი საათი დამჭირდება ამის ასახსნელად. დიდი ხანია მხარს არ ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, მორჩა და გათავდა“.











