თუ შემდეგი კვირიდან შეთანხმების პერსპექტივა არ გამოჩნდება, „გირჩი“ დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ,- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
„მართალია, რომ ოპოზიციამ ვერ დაამტკიცა არჩევნების გაყალბება იმ სტანდარტით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მკაფიოდ დაეჭირა ჩვენთვის მხარი. ეს არის ფაქტი და ვიდრე ოპოზიციის ეს ნაწილი ამას არ აღიარებს, ჩემი აზრით, ცუდად იქნება საქმე. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, მაგრამ არ გვინდა, არაადეკვატურები გამოვიდეთ. თუ ეს ხალხი მორიგდება ერთმანეთში, დაველოდებით და ყველა ერთად შევალთ. უნდა გვჯეროდეს, რომ როდესაც პარლამენტში შევალთ, ის შემდგარი პარლამენტი უნდა იყოს. უნდა მქონდეს იმის განცდა, რომ იქ პატივს მცემენ. ჯერჯერობით ასეთი განცდა არ მაქვს. თუ შემდეგი კვირიდან შეთანხმების პერსპექტივა არ გამოჩნდება, „გირჩი“ დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ. ჩვენ ვართ 3%-იანი პარტია და არ შეგვიძლია, დამოუკიდებელი თამაში ისე ვაწარმოოთ, რომ გარემოებებს არ მივაქციოთ ყურადღება. 5 წელია ვართ პოლიტიკაში და გარკვეულ შედეგებს მივაღწიეთ. ახლა არის ისეთი სიტუაცია, რომ გარკვეულმა ნაბიჯებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მოგვაყენოს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.










