„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი ამბობს, რომ ისინი ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ, მათ შორის, მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს.
ადვოკატს ჯერ არ აქვს ინფორმაცია, სად გადაიყვანეს დაკავებული ნიკა მელია.
„ადამიანები დაზიანდნენ, ბევრი მოწამლულია, სასწრაფო დახმარებას ითხოვდნენ, მეტ ინფორმაციას არ ვფლობ, შიგნით არ ვიყავი. ყველამ იხილა პირდაპირ ეთერში რაც მოხდა, ოქმი არ გადმოუციათ, არც განჩინება. ვარკვევთ, თუ სად გადაიყვანეს, ზუსტად არ ვიცით, უახლოეს წუთებში გაირკვევა და იმედია, საშუალება მოგვეცემა, რომ მოვინახულოთ. წარმოუდგენელი ვითარებაა, კიდევ არ მინდა ბოლომდე დავიჯერო, რომ ასეთ უგუნურებამდე მივიდა ხელისუფლება. ყველანაირ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ კიდევ ერთხელ ჩვენს სიმართლეს მივაღწიოთ. იურისტები ვმუშაობთ ამ თემაზე, ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ ნათელი გავხადოთ, ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია“, – განაცხადა კონდახიშვილმა.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა იძაბება.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევისთვის 10-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.











